უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროკავშირს უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობების ახალი სტრატეგიის მიღებისკენ მოუწოდებს
უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროკავშირს უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობების ახალი სტრატეგიის მიღებისკენ მოუწოდებს

კიევი ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინასთან, საქართველოსთან და მოლდოვასთან ურთიერთობების ახალი სტრატეგია მიიღოს.

​როგორც უკრაინული მედია წერს, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი კულებამ ევროკავშირს მოუწოდა, მიიღოს გადაწყვეტილება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირებულ ქვეყნებთან ურთიერთობების ცალკე ფორმატის შესახებ. შესაბამისი განცხადება კულებამ კიევში, აღმოსავლეთ პარტნიორობის შესახებ ევროკავშირის მიერ ორგანიზებული კონსულტაციების დროს განაცხადა.

დიმიტრი კულება მიიჩნევს, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ რეფორმირებას საჭიროებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინისა და ევროკავშირის დაახლოების საბოლოო მიზანი ჯერ მიღწეული არ არის.

„უნდა განისაზღვროს, რა არის პარტნიორობის ამბიცია. უკრაინა არ აღიქვამს აღმოსავლეთ პარტნიორობას როგორც მხოლოდ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობების სტრუქტურიზაციას. ჩვენთვის ეს არის ინსტრუმენტი მომავალი დაახლოებისთვის“, – განაცხადა კულებამ.

ამიტომ უკრაინის ვიცე-პრემიერს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში იმ ქვეყნებთან, რომლებსაც გაფორმებული აქვთ ასოცირების შეთანხმება და რომლებიც მიისწრაფვიან ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისკენ, ანუ საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან ურთიერთობების ცალკე ფორმატი უნდა ჩამოაყალიბოს.

„ჩვენ გვინდა აღმოსავლეთ პარტნიორობაში ამ ჯგუფების დიფერენცირება. ამის მიზანი არ არის პარტნიორობის დაშლა. ეს ნიშნავს რეალობის აღქმას ისე, როგორიც ის არის. ჩვენ მადლობლები ვიქნებით ევროკავშირის იმის აღიარებისთვის, რომ ეს სამი სახელმწიფო განსხვავდება და ამავე დროს, დანარჩენ სამ ქვეყანასთან ურთიერთობების შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა კულებამ.

„ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის ახალი სტრატეგია ასოცირებული პარტნიორებისთვის, რომელიც შეავსებს აღმოსავლეთ პარტნიორობას და მას სამი ქვეყნისთვის ინტეგრაციულ მიზნებზე უფრო მეტად ფოკუსირებულს გახდის“, – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრეზიდენტმა.

დატოვე კომენტარი