უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამშრომელს დაითხოვენ
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამშრომელს დაითხოვენ

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან 28 თანამშრომელს დაითხოვენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგებია.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შესახებ. მიმდინარეობს სამსახურის საკადრო რევიზია, იწყება საკითხი 28 თანამდებობის პირის გათავისუფლების შესახებ. სხვადასხვა დონე, სხვადასხვა მიმართულება, თუმცა მსგავსი საფუძველი – მუშაობის არადამაკმაყოფილებელი შედეგები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

17 ივნისს ზელენსკიმ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ივან ბაკანოვი. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება პრეზიდენტმა ბაკანოვის პირველ მოადგილეს, ვასილი მალიუკს დაავალა. როგორც უკრაინული მედია წერს, მალიუკი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკთან დაახლოებული პირია. „უკრაინსკაია პრავდა“ წერდა, რომ ერმაკსა და ბაკანოვს შორის დიდი ხნის უთანხმოება არსებობდა პრეზიდენტზე გავლენის გამო.