უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - ომის დაწყებას 22 თებერვალს ველოდებოდით და არა 24-ში, არ შეგვეძლო, გამოვსულიყავით და გვეთქვა, მაგრამ ჩვენ ვემზადებოდით
უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი - ომის დაწყებას 22 თებერვალს ველოდებოდით და არა 24-ში, არ შეგვეძლო, გამოვსულიყავით და გვეთქვა, მაგრამ ჩვენ ვემზადებოდით

ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი შემოჭრისთვის ემზადებოდა, თუმცა ომის დაწყებას 22 თებერვალს ველოდებოდით და არა 24 თებერვალს, – ამის შესახებ უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა ტელეკომპანია „ბიბისის“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც დანილოვი აცხადებს, უკრაინის მთავრობა აცნობიერებდა, რა მოხდებოდა უკრაინის ტერიტორიაზე.

„ისინი 22 თებერვალს უნდა დასხმოდნენ თავს ჩვენს ქვეყანას იმ ფორმატში, რომელიც ახლა არის. ერთადერთი რასაც ველოდებოდით, რომ ბელარუსის ტერიტორია იქნებოდა გამოყენებული. დისკუსია ამის შესახებ იყო, თუმცა ჩავთვალეთ, რომ ეს სხვაგვარად მოხდებოდა. მაგრამ, მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი დადანაშაულება, რომ არ ვემზადებოდით, არაკორექტულია. ჩვენ არ შეგვეძლო, გამოვსულიყავით საჯაროდ და გვეთქვა: მეგობრებო, 22 თებერვალს დაიწყება ომი. ეს დაუშვებელია სახელმწიფოს მმართველის თვალსაზრისით, მაგრამ ჩვენ ვემზადებოდით“, – განაცხადა დანილოვმა.

მისივე თქმით, 22 თებერვალს საღამოს უკრაინელ მზვერავებს უკვე ჰქონდათ მტკიცებულებები, რომ რუსებს დაურიგეს ბრძანება შეტევის შესახებ, მაგრამ შემდეგ მათმა მეთაურებმა თარიღი შეცვალეს.

დანილოვის განცხადებით, დასავლური ქვეყნების სპეცსამსახურები ვარაუდობდნენ, რომ უკრაინა რუსეთის შეტევას მაქსიმუმ 21 დღე გაუძლებდა. თუმცა, როგორც დანილოვი განმარტავს, მათ ეს დასკვნა რუსეთისა და უკრაინის ხელთ არსებული ტექნიკის რაოდენობის შედარების საფუძველზე გააკეთეს და არ გაუთვალისწინებიათ უკრაინელი ხალხის სურვილი, დაიცვას საკუთარი მიწა.

უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი „ბიბისისთან“ ვრცელ ინტერვიუში ასევე საუბრობს რუსეთის მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის გეგმაზე.

„მათი გეგმა იყო მარტივი და თავხედური: პირველ ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის განადგურება. ეს მათთვის ნომერ პირველი საკითხი იყო და ამის რამდენიმე მცდელობაც იყო. ყველაზე ბოლოს ეს 7 მარტს მოხდა, როდესაც დასავლელი პარტნიორებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ასეთი ოპერაცია მზადდებოდა. ბევრი სროლა იყო პირველ დღეებში. მე არ მინდა, დავასახელო იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც იმ დღეებში მოვკალით, ვგულისხმობ დივერსიული ჯგუფების წევრებს, რომლებიც ტერიტორიაზე იყვნენ შემოსული. ისინი აქ იყვნენ და ჰქონდათ ქსელი, იყო დამუშავებული ბევრი მომენტი. მე მადლიერი ვარ პრეზიდენტის დაცვისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის, რომელიც იცავდა და იცავს სამთავრობო კვარტალს და ყველა ჩვენი სამხედროსი. მე ვიცი, ვის ამზადებდნენ ისინი ზელენსკის ადგილისთვის. ეს არც მედვედჩუკი და არც იანუკოვიჩია. ესენი იყვნენ ადამიანები დიდი ეპოლეტებით“, – განაცხადა დანილოვმა.