უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი და სამხედრო ომბუდსმენის ოფისი პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში არსებული ვითარების გამოძიებას ითხოვენ
უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი დმიტრო ლუბინეცი და სამხედრო ომბუდსმენის ოფისი პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში არსებული ვითარების შესახებ გამოძიებას ითხოვენ.
დმიტრო ლუბინეცი აცხადებს, რომ პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მან უკვე გაუგზავნა მოთხოვნები ყველა სამართალდამცავ ორგანოს, ინციდენტის ყველა გარემოების, შენობაში სამხედრო პერსონალისა და უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების ყოფნის სამართლებრივი საფუძვლის და ყველა მონაწილის ქმედებების სამართლებრივი შეფასების მოთხოვნით. ამავდროულად, ომბუდსმენმა სამხედრო პერსონალზე, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებსა და ეროვნული პოლიციის წარმომადგენლებზე ნებისმიერი თავდასხმა დაგმო.
„როდესაც ხედავთ, რომ ფრონტზე მსახური ადამიანები საზოგადოების მხრიდან ზიზღის ობიექტი ხდებიან, ეს აღმაშფოთებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს ფასი, რომელსაც ზურგში შედარებით უსაფრთხოდ ცხოვრებისთვის ვიხდით. აქვე მოვითხოვ ასეთი მშვიდობიანი მოქალაქეების ქმედებების სამართლებრივ შეფასებას“, – განაცხადა ლუბინეცმა.
სამხედრო ომბუდსმენის ოფისის განცხადებით, მათი წარმომადგენლები სამხედრო ნაწილის დროებით განლაგების ადგილას მუშაობენ, ასევე იმ საავადმყოფოში, სადაც ოთხი სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს. ოფისის თქმით, სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმები მიუღებელია და პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში განვითარებული მოვლენები მოითხოვს მათი იურისდიქციის ფარგლებში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მკაცრ რეაგირებას.
ცნობისთვის, 2 ნოემბერს კიევის ოლქის პოლიციამ სოფელ პეტროპავლივსკა-ბორშჩაგივკაში, კერძო სახლთან, სადაც ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები არიან განლაგებულნი, მომხდარი არეულობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ სახლში მამაკაცები, სავარაუდოდ, დააკავეს და „აწამეს“. ეროვნული გვარდიის სარდლის, ალექსანდრ პივნენკოს თქმით, სახლში 18 სამხედრო იმყოფებოდა. ოთხი მათგანი, რომელთაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ, ამჟამად ეროვნული გვარდიის სამედიცინო ცენტრში იმყოფებიან. მისივე თქმით, ეს ის სამხედროები არიან, რომლებიც სამსახურის თვითნებური დატოვების შემდეგ დააკავეს და ქვედანაყოფებში დააბრუნეს. პივნენკოს განმარტებით, ამ პუნქტში მობილიზებული სამხედროები მიდიან, ამზადებენ დოკუმენტებს და გადიან შემოწმებას, შემდეგ კი 58 დღით სასწავლო ცენტრებში გადაჰყავთ. მისივე თქმით, ომის გამო სამხედროების უმეტესობას მუდმივი განლაგების პუნქტი არ აქვს, ამიტომ, ყველასთვის ოფიციალური ადგილების შექმნა ფიზიკურად შეუძლებელია.