უკრაინის უმაღლესი რადა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას 5 სექტემბერს განიხილავს
უკრაინის უმაღლესი რადა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ალექსეი რეზნიკოვის გათავისუფლებას 5 სექტემბერს განიხილავს, რუსტემ უმეროვის კანდიდატურის განხილვა კი 6 სექტემბერს იგეგმება.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პარლამენტმა 5 სექტემბერს უმეროვი სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. ცნობილია, რომ ხვალვე რუსტემ უმეროვი აპირებს, დაესწროს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ სხდომას, სადაც სახალხო დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
რეზნიკოვის გადაყენების შემდეგ პრეზიდენტის წინადადება თავდაცვის მინისტრად უმეროვის დანიშვნის შესახებ პარლამენტს უნდა წარედგინოს. ამის შემდეგ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტი მის დოკუმენტებს განიხილავს და დანიშვნის შესახებ დადგენილების პროექტს მოამზადებს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა პარლამენტს პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადებით უკვე მიმართა.