უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მოადგილეს ერთი მილიარდი გრივნის გაფლანგვაში ედება ბრალი
უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მოადგილეს ერთი მილიარდი გრივნის გაფლანგვაში ედება ბრალი

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის მოადგილეს ერთი მილიარდი გრივნის გაფლანგვაში ადანაშაულებენ.

როგორც გამოცემა „ჰრომადსკე“ წერს, უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი ეჭვმიტანილად ცნეს იმ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში, რომელიც უკრაინელი ჯარისკაცებისთვის ჯავშანჟილეტებისა და ზამთრის უნიფორმის შეძენისთვის იყო გამოყოფილი.

გამოძიების ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმა შემოწმების გარეშე შეიძინეს და ბრძოლის ველზე გამოყენებისთვის გამოუსადეგარი იყო.

გამომძიებლები ასევე ამტკიცებენ, რომ გამარტივებული შესყიდვის წესით გაფორმდა კონტრაქტი თურქულ კომპანიებთან, რომელთაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ზამთრის ქურთუკები და ქარგამძლე შარვლები უნდა მიეწოდებინათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ტანსაცმელი ტექნიკურ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.

ალექსეი რეზნიკოვის მოადგილის გარდა, ბრალი წარდგენილი აქვს ამავე უწყების შესყიდვების დეპარტამენტის დირექტორსაც. ორივე მათგანს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 12 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ. ორივე ყოფილი მაღალჩინოსანი ამჟამად დაკავებულია.