უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაცვიდან ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაცვიდან ბახმუტის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები დაცვიდან შეტევაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.

უკრაინის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთი დღის განმავლობაში ბახმუტის მიმართულების სხვადასხვა ნაწილში უკრაინის არმიამ 200-დან 1 100 მეტრამდე წაიწია წინ და ამ მიმართულებით რუსეთის არმია თავდაცვაზე გადავიდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მხარეს საომარი მოქმედებების ძირითადი ტვირთი ახლა რუსეთის ფედერაციის რეგულარულ არმიას, მათ შორის საჰაერო-სადესანტო მოიერიშე დანაყოფებს ეკისრება.

6 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტში „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის 21 000 მებრძოლი მოკლეს, კიდევ 60 000 კი დაშავდა.