უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სტარშილდი“ ფრონტზე ამჟამადაც შეფერხებით მუშაობს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სტარშილდი“ („სტარლინკის“ სამხედრო ვერსია) ფრონტზე ამჟამადაც შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, თავდაცვის ძალები და თავდაცვის სამინისტროს სპეციალისტები „სტარშილდის“ ხაზების მუშაობას მუდმივად აკვირდებიან და შედეგებს აფიქსირებენ.
„დილის მდგომარეობითაც გრძელდება კავშირის დაკარგვის შემთხვევები 161 კმ/სთ სიჩქარეზე. იმის დადასტურება, რომ შეზღუდვები მოხსნილია, ჯერ არ არსებობს“, – აღნიშნავენ წყაროები.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკზე“ წვდომა აღუდგინა. მანამდე გამოცემა „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილონ მასკმა „სტარლინკის“ სამხედრო დანიშნულების ვერსიის მუშაობის შენელების ბრძანება გასცა. საუბარია სერვისზე, რომელსაც უკრაინა რუსეთის სარაკეტო თავდასხმებისგან თავის დასაცავად იყენებს.
„სტარშილდი“ ილონ მასკის კომპანია „სფეის იქსის“ „სტარლინკთან“ დაკავშირებული მიმართულებაა, რომელიც აშშ-ისა და მისი მოკავშირე ქვეყნების მთავრობებისთვის სამხედრო დანიშნულების თანამგზავრებსა და უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს ქმნის.