უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთმა ბელარუსში 101-ე სარაკეტო ბრიგადა განალაგა, რომელიც „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემით არის შეიარაღებული
რუსეთმა ბელარუსში 101-ე სარაკეტო ბრიგადა განალაგა, რომელიც „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემით არის შეიარაღებული, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა, ოლეგ ივაშჩენკომ განაცხადა.
ივაშჩენკოს თქმით, უკრაინა შეშფოთებულია ბელარუსის ტერიტორიაზე რადიოსიგნალის რეტრანსლატორების განლაგებით, რომლებიც რუსულ „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურისკენ მიმართავენ.
ოლეგ ივაშჩენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსმა ასეთი ნებართვა თუ არ გასცა, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მინსკი აღარ აკონტროლებს რუსეთის საქმიანობას მის ტერიტორიაზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს ბელარუსის პირდაპირ ჩათრევას უკრაინის წინააღმდეგ ომში, ბელარუსის ტერიტორიისა და სამხედრო რესურსების გამოყენებით უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გეოგრაფიის გაფართოებას.
„თუმცა, დღეის მდგომარეობით, არ არსებობს ნიშნები, რომ ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩასართავად ემზადება. ბელარუსიდან ჩვენი ქვეყნისთვის სამხედრო საფრთხის დონე შეფასებულია, როგორც დაბალი“, – ხაზგასმით აღნიშნა ივაშჩენკომ.