უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 264 სამხედრო რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაყვანილი, სახლებში მათ დასაბრუნებლად გაცვლის პროცედურა ჩატარდება
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან 264 სამხედრო რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა გაყვანილი, სახლებში მათ დასაბრუნებლად გაცვლის პროცედურა ჩატარდება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი აცხადებს, რომ უკრაინამ მარიუპოლის დამცველების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო უნიანი წერს.

მალიარის განცხადებით, 16 მაისს „აზოვსტალიდან“ ნოვოაზოვსკში მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში ჩაიყვანეს. უკრაინული მხარის ცნობით, მათი სახლებში დასაბრუნებლად, გაცვლის პროცედურა ჩატარდება.

მალიარის ცნობით, ამჟამად ტარდება ღონისძიებები „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე დარჩენილი დამცველების გადასარჩენად.

„მარიუპოლის დამცველების დახმარებით ჩვენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დრო მივიღეთ რეზერვების ფორმირებისთვის, ძალების გადაჯგუფებისთვის და პარტნიორებისგან დახმარების მისაღებად. სარდლობის მიერ ყველა დასახული ამოცანა მარიუპოლის დამცველებმა სრულად შეასრულეს“, – განაცხადა ანა მალიარმა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, უკრაინას არ აქვს „აზოვსტალის“ სამხედრო გზით განბლოკვის საშუალება. როგორც მან აღნიშნა, მთელი უკრაინის და მთელი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამოცანაა მარიუპოლის დამცველების სიცოცხლის გადარჩენა.

ცნობისთვის, ნოვოაზოვსკი და ოლენევკა დონეცკის ოლქის ქალაქებია. ორივე ქალაქი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

დატოვე კომენტარი