უკრაინის თავდაცვის სამინისტრო – კრიტიკულად მნიშვნელოვანია პროგნოზირებადობის შენარჩუნება კოორდინირებული თავდაცვის დახმარების გაწევისას, ამერიკელ კოლეგებს ტელეფონით საუბარს ვთავაზობთ
უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ არ მიუღიათ ოფიციალური შეტყობინებები აშშ-დან სამხედრო დახმარების მიწოდების შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ.
უკრაინის თავდაცვის უწყება ამერიკელ კოლეგებს ტელეფონით საუბარს სთავაზობს დეტალების დაზუსტების მიზნით.
უკრაინულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა აშშ-დან აქამდე გამოყოფილი თავდაცვის დახმარების პაკეტების გარკვეული ელემენტების მიწოდების შეყოვენების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე. თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უკრაინას არ მიუღია ოფიციალური შეტყობინებები შეთანხმებული თავდაცვის დახმარების მიწოდების შეჩერების ან გრაფიკის გადახედვის შესახებ, ამიტომ უწყება ფაქტობრივ მონაცემებს ეყრდნობა და მიწოდების თითოეული ელემენტის დეტალებს ამოწმებს.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტაბილურობის, უწყვეტობისა და პროგნოზირებადობის შენარჩუნება კოორდინირებული თავდაცვის დახმარების გაწევისას – უპირველეს ყოვლისა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაძლიერების სფეროში.
მანამდე გამოცემა „პოლიტიკომ“ დაწერა, რომ პენტაგონმა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტებისა და სხვა საბრძოლო მასალის მიწოდება შეაჩერა. როგორც გამოცემა სამ ანონიმურ პირზე დაყრდნობით წერს, არსებობს შეშფოთება, რომ აშშ-ის იარაღის მარაგი ძალიან შემცირდა, რის გამოც მიიღეს ეს გადაწყვეტილება.