უკრაინის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება და იქნება ლოგისტიკური კოლაფსი
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინაში მტრის ჯარების სამხედრო რესურსები იწურება და ამის შემდეგ ლოგისტიკური კოლაფსი მოხდება. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.
„უკრაინაში მტრის სამხედრო რესურსი იწურება და შემდეგ ლოგისტიკური კოლაფსი იქნება. ამის გაცნობიერებით კი, მტრის დანებების ტენდენცია იზრდება, არა მხოლოდ თითოეული ჯარისკაცების, არამედ ოცეულების დონეზე. მათ უკვე ესმით, რომ მათი ათასობით თანამებრძოლის ცხედარი, რომლებმაც „გამოცდებზე 200 ქულა მიიღეს“, უკრაინის მიწაზე დარჩა. მოსკოვი ხომ არ აღიარებს მათ სიკვდილს, პუტინისთვის, ისინი საზარბაზნე ხორცია, სახარჯი მასალა, მისი იმპერიული ოცნების მისაღწევად. ბევრმა უკვე გაიგო, რომ მათ უღალატეს“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
მისივე თქმით, ოკუპანტების გადარჩენის ერთადერთი გზა არის დანებება.
ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ომის დაწყებიდან დღემდე რუსული ჯარების დანაკარგების თაობაზე გაავრცელა ინფორმაცია. 24 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დაკარგა – პირადი შემადგენლობის 10 000-მდე წევრი, 269 ერთეული ტანკი, 945 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორი, 105 ერთეული საარტილერიო სისტემა, 50 ერთეული ზალპური სარაკეტო სისტემა, 19 ერთეული საჰაერო თავდაცვის საშუალება, 39 ერთეული თვითმფრინავი, 40 ერთეული ვერტმფრენი, 409 ერთეული საავტომობილო აღჭურვილობა, ორი ერთეული მსუბუქი კატარღა, 60 ერთეული საწვავის ავზი, სამი ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი.
„მიმდინარეობს მონაცემების დაზუსტება. დათვლას ართულებს საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობა“, – აცხადებენ გენერალურ შტაბში.