უკრაინის თავდაცვის მინისტრი - შავი ზღვის დიდ ნაწილს ვერ ვაკონტროლებთ, ვიყენებთ ყველა პლატფორმას, რომ ამ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება
უკრაინის თავდაცვის მინისტრი - შავი ზღვის დიდ ნაწილს ვერ ვაკონტროლებთ, ვიყენებთ ყველა პლატფორმას, რომ ამ საკითხზე გავამახვილოთ ყურადღება

უკრაინის ხელისუფლება ყველა პლატფორმას, მათ შორის მიუნხენის კონფერენციას იყენებს, რათა შავი ზღვის უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებზე გაამახვილოს ყურადღება.

ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ანდრეი ზაგოროდნიუკმა განუცხადა.

„რა თქმა უნდა, შავი ზღვის უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ომი, რომელიც დღემდე გრძელდება, გვაქვს ტერიტორიის ნაწილი, რომელსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ანექსირებულია ყირიმი, გვაქვს ადამიანის უფლებების დარღვევის საშინელი გამოცდილება დონბასში, ჰუმანიტარულ კრიზისთან გათანაბრებული მდგომარეობა, ადამიანები იტანჯებიან, მილიონზე მეტი პირი დევნილად იქცა, ეკონომიკური ზარალი ძალიან დიდია. ეს ყველაფერი აბსოლუტურად მიუღებელია.

იზრდება რუსული შეიარაღება იმ ტერიტორიებზე, სადაც ხელისუფლების კონტროლი ვერ ხორციელდება. ამ სიტუაციის გამო შავი ზღვის დიდ ნაწილს ვერ ვაკონტროლებთ. ამის გამო, გვქონდა სამხედრო ინციდენტები ქერჩის სრუტეში გასულ წელს. ეს ყველაფერი საშინლად აშფოთებს ჩვენს მოსახლეობას. სწორედ ამ ფაქტების გამო, ვითხოვთ რეზოლუციებს და ვიყენებთ ყველა პლატფორმას, იქნება ეს დიპლომატიური შეხვედრები, საერთაშორისო ფორუმები და მათ შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, რომ ამ საკითხებზე გავამახვილოთ ყურადღება“, – განაცხადა ანდრეი ზაგოროდნიუკმა.