უკრაინის შს მინისტრის ინფორმაციით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, 42 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა
უკრაინის შს მინისტრის ინფორმაციით, კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა, 42 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა. დაკარგულად მიიჩნევა 42 ადამიანი, მათ შორის შვიდი ბავშვი. კლიმენკოს თქმით, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე რვა ადამიანია დაღუპული ხერსონის ოლქში, ორი კი – ნიკოლაევის.

მინისტრის ცნობით, აღნიშნული მონაცემები მხოლოდ უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდანაა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რაიონებში მსხვერპლთა რაოდენობა დაუზუსტებელია.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონში სხვა რეგიონებიდან გაგზავნეს კომუნალური სამსახურების დამატებითი ძალები, ასევე სპეციალური ტექნიკა. დაზარალებულ რაიონებში წყლის დონე თანდათან იკლებს და შესაძლებელი ხდება სალიკვიდაციო სამუშაოების წარმოება. შსს-ს ინფორმაციით, ყოველდღიურად სასმელი და მდინარის წლის 150-მდე სინჯი ტარდება. ჯერჯერობით ის ნორმებს შეესაბამება.

ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი 6 ივნისს, გამთენიისას აფეთქდა, რის შედეგადაც მდინარე დნეპრის ორივე სანაპიროზე ათობით დასახლება დაიტბორა. უკრაინის ხელისუფლება აფეთქებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ძალებს აკისრებს, რომელთა ოკუპაციის ქვეშ არის კახოვკის კაშხალი და დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მდებარე დასახლებები.