უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ტერნოპოლზე რუსეთის იერიშის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოქალაქეები არიან მოყოლილი
ტერნოპოლზე რუსეთის იერიშის შედეგად დაიღუპა ათი და დაშავდა 37 ადამიანი. დაშავებულთაგან 12 ბავშვია, ნანგრევებში მოქალაქეები არიან მოყოლილები. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
კლიმენკოს განცხადებით, ტერნოპოლში დაზიანებულია ორი ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. ერთ-ერთი შენობა მე-9-დან მე-3 სართულამდე ჩამოინგრა. ადგილზე ბლოკირებული ბინებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
კლიმენკოს ცნობით, მასირებული დარტყმების სამიზნე აღმოჩნდნენ ლვოვის, ივანო-ფრანკოვსკისა და ტერნოპოლის ოლქები. ამჟამად სამაშველო რაზმები, ტექნიკასთან ერთად, ცხრა ადგილას განაგრძობენ მუშაობას.
გამთენიისას რუსეთმა უკრაინას რაკეტებითა და დრონებით შეუტია. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 470 უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის 48 რაკეტა გაუშვა.