უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ დნეპროპეტროვსკის ოლქის პოლიგონზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ორი სამხედრო პირი გადააყენა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ დნეპროპეტროვსკის ოლქის პოლიგონზე სარაკეტო დარტყმის შემდეგ, ორი სამხედრო პირი გადააყენა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ალექსანდრ სირსკიმ ქვედანაყოფების მომზადების ცენტრის უფროსი და დნეპროპეტროვსკის ოლქის იმ სამხედრო ნაწილის მეთაური გაათავისუფლა, რომელზეც პირველ მარტს რუსეთის არმიამ ბალისტიკური რაკეტით დარტყმა მიიტანა. შედეგად, არიან დაღუპული და დაჭრილი სამხედროები.

„ტრაგედიის ყველა გარემოებისა და მიზეზის დასადგენად შემთხვევის ადგილზე მუშაობს კომპლექსური კომისია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო სამართალდაცვითი სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით. გამოძიების ჩატარების პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისგან გადაყენებულია ქვედანაყოფების მომზადების ცენტრის უფროსი და სამხედრო ნაწილის მეთაური“, – წერს სირსკი საკუთარ ფეისბუქში.

სირსკი აღნიშნავს, რომ დაავალა უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეული სახეობების სამხედრო მეთაურებს, ორგანიზება გაუკეთონ მთავარსარდლისა და გენშტაბის განკარგულებათა მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, რომელიც ეხება სარაკეტო საფრთხის შესახებ დროული შეტყობინების, პირადი შემადგენლობის განთავსებისა და შეხვედრებისა და თათბირების ღია ადგილებზე ჩატარების აკრძალვის, ასევე ამისთვის განკუთვნილი ადგილების გარეთ განთავსების საკითხებს.

მანამდე უკრაინის სახმელეთო ჯარების სარდლობამ დაადასტურა, რომ პირველ მარტს რუსეთმა შეუტია ერთ-ერთ სამხედრო ნაწილს დნეპროპეტროვსკის ოლქში. კასეტური საბრძოლო მასალით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტით, „ისკანდერ-ემ“-ით დარტყმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ცნობისთვის, მანამდე რამდენიმე სამხედრო მიმომხილველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსმა სამხედროებმა კასეტური რაკეტით, „ისკანდერ-ემ“-ით დაარტყეს პოლიგონს სოფელ ჩერკასკოეში, დნეპრის მახლობლად, რომელიც ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრში მდებარეობს. მათი ინფორმაციით, დარტყმა, სავარაუდოდ, სამხედროების მწყობრში მოწყობის დროს მოხდა. სხვადასხვა მონაცემით, დაღუპულია ათეულობით ადამიანი, ხოლო ასეულობით დაიჭრა. ამასთან, მიმომხილველები ამტკიცებენ, რომ ეს უკვე მეორე მსგავსი ტრაგედიაა რამდენიმე დღის განმავლობაში, მეორე კი რამდენიმე დღის წინ მოხდა ზაპოროჟიეს ოლქში.