უკრაინული მხარის ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალზე იერიშის შედეგად 16 რეზერვუარი დაზიანდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალზე მიტანილი დარტყმების შედეგად 16 რეზერვუარი დაზიანდა.
როგორც გენშტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობის ბაზაზე შეტევა 13 ოქტომბერს, ღამით განახორციელეს. ამ საწარმოზე დარტყმების შედეგად ხანძარი მძვინვარებს.
ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ნავთობტერმინალზე დარტყმები არაერთხელ განხორციელდა. 6 ოქტომბრის შეტევის დროს საწარმოში რამდენიმე დღე გრძელდებოდა ხანძარი. 10 ოქტომბერს ნავთობის ბაზაზე თავდასხმა კიდევ ერთხელ დრონებით განხორციელდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ, რომ ნავთობტერმინალი ფეოდოსიაში მნიშვნელოვან ლოგისტიკურ როლს თამაშობს რუსეთის არმიის საწვავი-საპოხი მასალით მომარაგებაში. საერთო ჯამში, ნავთობის ტერმინალში მდებარე რეზერვუარებში 193 ათასი კუბური მეტრი ნავთობპროდუქტები ინახება.