უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, უკრაინამ რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკის აეროდრომზე ორი „სუ-34“-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურა, კიდევ ორი კი დააზიანა
უკრაინამ რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში მდებარე მარინოვკას აეროდრომზე ორი „სუ-34“-ის ტიპის თვითმფრინავი გაანადგურა, ხოლო კიდევ ორი დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩაატარეს ერთობლივი სპეციალური ოპერაცია, რომლის შედეგადაც მარინოვკის აეროდრომზე განადგურდა ორი რუსული გამანადგურებელი – ბომბდამშენი „სუ-34“ და კიდევ ორი დაზიანდა”, – აღნიშნულია განცხადებაში.
თავდასხმის შედეგად ასევე ხანძარი გაჩნდა აეროდრომის ტექნიკურ-ოპერატიულ ნაწილში, რომელიც წარმოადგენს სამხედრო ობიექტის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსული „სუ-34“-ები წარმოადგენენ ტაქტიკური ავიაციის ძირითად თვითმფრინავებს, რომლებიც ასრულებენ სარაკეტო დარტყმებს უკრაინული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ, ასევე, გამოიყენებიან მართვადი საავიაციო ბომბების ჩამოსაგდებად. უკრაინული მხარის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაცია უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელდა.