უკრაინის ჯარში აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში სიტუაცია მძიმეა, უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს ქალაქის დასავლეთ შემოგარენში
დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოში სიტუაცია მძიმეა, უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს ქალაქის დასავლეთ შემოგარენში. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული ტელემარათონის ეთერში უკრაინის შეიარაღებული ჯარების ოპერატიული-სტრატეგიული ჯგუფის, „ხორტიცას“ სპიკერმა, მაიორმა ვიქტორ ტრეგუბოვმა განაცხადა.
„რუსები უბრალოდ ცდილობენ ქალაქში ყველა სახლის განადგურებას. ქალაქი როდესაც მთლიანად განადგურებულია, იქ უბრალოდ თავდაცვის შენარჩუნებისთვის ადგილი არ არის, რადგან ფაქტობრივად არ არის გასამაგრებელი ადგილი. სახლები თუ არ არის, თუ იქ უბრალოდ გადამწვარი მიწაა, თავდაცვის შენარჩუნება შეუძლებელია. ახლა კურახოვოში ნამდვილად საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, რადგან ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურებულია. უკრაინული ჯარები რჩებიან ქალაქის დასავლეთ ნაწილში, მის დასავლეთ შემოგარენში. მათ შორის, ინარჩუნებენ ელექტროსადგურს, რომელიც ქალაქში მდებარეობს“, – განაცხადა უკრაინელმა სამხედრომ.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ქალაქ კურახოვოს დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება.
კურახოვო მდებარეობს უკრაინის დონეცკის ოლქის დასავლეთში და შედის პოკროვსკის რაიონში, რომელსაც რუსეთის ჯარები, ბოლო კვირებია, ინტენსიურად უტევენ.