უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსეთში სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების დანაყოფებმა რუსეთში სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს.
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ობიექტის რაიონში დაფიქსირდა აფეთქებები და ხანძარი. იერიშის შედეგების დეტალები უცნობია.
როგორც მედია წერს, სარატოვის ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს ნავთობპროდუქტების მოცულობამ 2023 წელს 4,8 მილიონი ტონა შეადგინა.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, საწარმო მონაწილეობს რუსეთის შეიარაღებული ძალების საჭიროებების უზრუნველყოფაში და უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე არაერთხელ გამხდარა.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ მოაწყო აფეთქებები ვლადივოსტოკში იმ რუსი სამხედროების დისლოკაციის ადგილას, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო დანაშაულებთან აქვთ კავშირი. კერძოდ, უკრაინის დაზვერვამ სპეცოპერაცია ჩაატარა რუსეთის პრიმორიეს მხარეში, სადაც დისლოცირებულია საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადის 47-ე სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი. ორი აფეთქება მოხდა სამხედრო ნაწილის ავტოსადგომზე.
როგორც უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში „უკრაინსკაია პრავდას“ განუცხადეს, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად არიან გარდაცვლილები და დაშავებულები. უკრაინული მხარის ცნობით, აღნიშნული ბატალიონი მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში კიევითან, უგლედართან, მარიუპოლში, ასევე პოკროვსკთან და კურსკთან. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, 155-ე ბრიგადა მონაწილეობდა უკრაინელი ტყვეების სიკვდილით დასჯაში.