უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ 28 თებერვლის ღამეს რუსეთის ძალები კიევის თავდაცვის გარღვევას კვლავ ცდილობდნენ
28 თებერვლის ღამეს რუსეთის ძალები კიევის თავდაცვის გარღვევას კვლავ ცდილობდნენ, თუმცა წარუმატებლად. ამის შესახებ უკრაინული მედია, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურზე, ალექსანდრ სირსკიზე დაყრდნობით იუწყება.
„რუსეთის საოკუპაციო ძალების ყველა მცდელობა, მიეღწიათ მიზნისთვის, წარუმატებლობით სრულდებოდა. ოკუპანტის ტექნიკის კოლონები ნადგურდებოდა. მოწინააღმდეგემ პირადი შემადგენლობის მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა“, – განაცხადა სირსკიმ.
როგორც სამხედრო მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რუსეთის ძალების კოლონებმა დედაქალაქის შემოგარენის შტურმი რამდენიმეჯერ სცადეს. თუმცა, მისი თქმით, მოწინააღმდეგის ყველა გადაადგილება კონტროლის ქვეშ იყო.
კიევის თავდაცვის მეთაურის თქმით, უკრაინის დედაქალაქში ამჟამად სიტუაცია კონტროლირებადია.