უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი საბჭოს თავმჯდომარე თინათინ ბერძენიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს - ჩვენ ერთად ვრჩებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ
უკრაინის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის მმართველი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე როდიონ კოჩუბეი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„უკრაინის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის სახელით, მსურს, გულთბილად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!
ამ მსოფლიოში ყველაფერს აქვს თავისი ფასი და, მათ შორის, თავისუფლებასაც. საქართველოს გზა დამოუკიდებლობამდე აღინიშნებოდა მედეგობით, სიმტკიცით და მისი ხალხის ურყევი სულისკვეთებით. თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში ქართველი ერი იბრძოდა თვითგამორკვევის უფლებისთვის, გაუძლო ჩაგვრის ქარიშხალს, გადალახა სირთულეები და გაძლიერდა როგორც მთის მწვერვალები ველ-მინდვრების თავზე, რომლებიც აღმართულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ნიშნად – მისი ხალხის შეუპოვარი სულის დასტურად.
ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლებით, რომელიც აჩვენებს ქართველი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილებას, დაიცვან თავიანთი უფლებები და დემოკრატიული ღირებულებები. ვინაიდან უკრაინა და საქართველო იზიარებენ მეგობრობის ხანგრძლივ ისტორიას, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მისწრაფებებს, სწორედ ჩვენი მეზობელი ქვეყნების მხარდაჭერა და სოლიდარობა აძლიერებს ჩვენს კავშირებს და გვმატებს ძალებს ნებისმიერი სირთულის გადასალახად.
ნება მიბოძეთ, ვუსურვო თქვენს ქვეყანას აყვავება და თქვენს მამაც ხალხს კეთილდღეობა, ასევე მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტების დონეზე, როგორიც არის საზოგადოებრივი მედია. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქველმოქმედო ძალისხმევა, გაუწოდოს დახმარების ხელი უკრაინას მთელი რიგი გულწრფელი ინიციატივების საშუალებით – საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფორმაციის მისაწოდებლად ცხელი ხაზის ამოქმედებით დაწყებული და საქველმოქმედო კონცერტით „ჩვენ უკრაინისთვის“ დამთავრებული, ყველაზე ბევრს ნიშნავს. ამას გარდა, ჩვენ განსაკუთრებით მადლობელი ვართ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინტერნეტპორტალზე უკრაინის რადიოს პირდაპირი ეთერის რეტრანსლირების შეუფასებელი ჟესტისთვის, რამაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის უკრაინულ პროგრამებზე წვდომა უზრუნველყო. ეს ურყევი სოლიდარობა ასევე დასტურდება უკრაინის ჰიმნით, რომელიც ყოველდღიურად ისმის საქართველოს რადიოს ეთერში, რაც არის საქართველოს თანაგრძნობის ძლიერი მტკიცებულება, რომელიც ჩვენს ერებს შორის ერთიანობისა და საერთო ღირებულებების ღრმა გრძნობას აძლიერებს.
თავისუფლება არ არის საჩუქარი და ამიტომ ბრძოლა მისთვის არასდროს სრულდება. ამ ურთულეს დროს უკრაინა დალოცვილია იმით, რომ ჩვენ გვერდით ნამდვილი მეგობრები დგანან – მეგობრები, რომლებისთვისაც არ არის უცხო სამართლიანობის დაცვა და თავისუფლებისთვის ბრძოლა, მეგობრები, რომლებიც იმსახურებენ ამ უპრეცედენტო უსამართლობაზე, სისასტიკესა და ბოროტებაზე ჩვენი საერთო გამარჯვების გაზიარებას. ჩვენ ერთად ვრჩებით, ერთად ვიბრძვით და ერთად გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნულია თინათინ ბერძენიშვილისთვის გამოგზავნილ წერილში, რომელსაც უკრაინის საზოგადოებრივი სამაუწყებლო კომპანიის მმართველი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე აწერს ხელს.