უკრაინის სასამართლომ შსს-ს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა
უკრაინის სასამართლომ შსს-ს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა

უკრაინის სასამართლომ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ითხოვდა, უკანონოდ მიეჩნიათ უწყების ბრძანება, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეჩერებას უკავშირდება.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანება კანონმდებლობას შეესაბამება“, – ასე განმარტავს სასამართლო გადაწყვეტილებას.

2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის შეჩერების ბრძანებას ხელი მოაწერა.

მოქალაქეობის ჩამორთმევის დროს ოდესის ყოფილი გუბერნატორი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

2017 წლის 10 სექტემბერს კი მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთის საზღვრიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის სასამართლოში მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა.