უკრაინის სამხედრო დაზვერვა - რუსეთის სპეცსამსახურები საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავენ
უკრაინის სამხედრო დაზვერვა - რუსეთის სპეცსამსახურები საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავენ

უკრაინის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის​ განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურები საკუთარ ტერიტორიაზე ტერაქტებს გეგმავს, რათა ანტიუკრაინული ისტერია გაამძაფროს.

როგორც კირილ ბუდანოვი აცხადებს, მათ შორის, დაგეგმილია საცხოვრებელი კორპუსების, საავადმყოფოების, სკოლების დანაღმვა და აფეთქება. ასევე, მისივე თქმით, დაგეგმილია სარაკეტო დარტყმები ქალაქ ბელგოროდსა და ყირიმის ერთ-ერთ ქალაქზე. მისი თქმით, ამ გზით პუტინის რეჟიმი შეეცდება რუსეთის საზოგადოების უკრაინის წინააღმდეგ კონსოლიდაციას. ბუდანოვი მიიჩნევს, რომ ტერაქტების შესახებ ინფორმაციას რუსეთის მოქალაქეებს მიაწვდიან, როგორც „უკრაინელი ნაციონალისტების შურისძიებას“.

უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში რუსეთს ხელისუფლება სულ უფრო მეტად ცდილობს ანტიუკრაინული განწყობების გაღვივებას ბელგოროდსა და კურსკში, სადაც ისინი თხრიან სანგრებს და თესავენ პანიკას უკრაინელი მოხალისეების სავარაუდო შეტევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზით.

ბუდანოვის თქმით, ასეთივე სცენარი რუსეთმა წარსულში ჩეჩნეთშიც გამოიყენა.