უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სუმის მიმართულებით, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის არმიამ საკმარისი ძალები დააგროვა უკრაინაზე თავდასხმისთვის
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ სუმის მიმართულებით, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის არმიამ საკმარისი ძალები დააგროვა უკრაინაზე თავდასხმისთვის

სუმის მიმართულებით, კურსკის ოლქის ტერიტორიაზე რუსეთის არმიამ საკმარისი ძალები დააგროვა უკრაინაზე თავდასხმის განსახორციელებლად, – ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ ტელემარათონის ეთერში განაცხადა.

ანდრეი დემჩენკოს თქმით, კურსკის რეგიონში მობილიზებულია რუსეთის არმიის ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა. უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მტრის დივერსიული ჯგუფების აქტივობა არ მცირდება და ისინი ყველაზე აქტიურები სუმის რეგიონში არიან. ასევე გამოვლინდა რუსი დივერსანტების მცდელობები ხარკოვის რეგიონში.

რაც შეეხება ბელარუსთან საზღვარს, დემჩენკოს თქმით, 29 მაისის მონაცემებით, არ არსებობს ისეთი მოვლენები, რომლებიც უკრაინის უსაფრთხოებაზე გავლენას მოახდენდა. ამავდროულად, დემჩენკო მიიჩნევს, რომ დაძაბულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება შემოდგომაზე, როდესაც ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები „ზაპად-2025“ დაიწყება.