უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში არ შეუშვებენ
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში არ შეუშვებენ

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს ქვეყანაში არ შეუშვებენ. ამის შესახებ უწყებაში მას შემდეგ განაცხადეს, რაც მიხეილ სააკაშვილმა უკრაინულ ინტერნეტგამოცემა „გორდონთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ 31 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, პირველ აპრილს უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს. სააკაშვილმა ჟურნალისტს უკრაინის მიმართულებით შეძენილი ავიაბილეთიც წარუდგინა.

„აღნიშნული პირი არ არის უკრაინის მოქალაქე და 2021 წლამდე უკრაინაში მისი შემოსვლის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსპიკერმა ოლეგ სლობოდიანმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინაში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც 31 მარტს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად პეტრო პოროშენკო მეორე ტურში ვერ მოხვდება. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას სჯერა, რომ ამის შემდეგ უკრაინელი მესაზღვრეები პეტრო პოროშენკოს ბრძანებებს აღარ შეასრულებენ და მას ქვეყანაში შეუშვებენ.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში 2018 წლის თებერვალში გააძევეს. მას 2021 წლამდე უკრაინაში შესვლა აკრძალული აქვს.