უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ქვეყნის პოზიცია უცვლელია, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ნიშნავს მის შეგნებულ გასვლას მინსკის შეთანხმებებიდან
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - ქვეყნის პოზიცია უცვლელია, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება ნიშნავს მის შეგნებულ გასვლას მინსკის შეთანხმებებიდან

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრი განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს მიმართვის გამო, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისადმი, რომ მან „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რუსული საოკუპაციო ადმინისტრაციები. ამ საკითხზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ უკრაინულ გამოცემა „უნიანთან“ ისაუბრა.

„უკრაინის პოზიცია უცვლელი რჩება: რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება ნიშნავს მის შეგნებულ გასვლას „მინსკის შეთანხმებებიდან“. ასეთი ნაბიჯი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს პოლიტიკურ-დიპლომატიურ დარეგულირების საკითხს, რომლის ხელშეწყობაზეც ახლა აქტიურად მუშაობენ უკრაინა და მისი პარტნიორები“, – აღნიშნა მან.

ნიკოლენკოს განცხადებით, „დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების“ აღიარებას რაიმე სამართლებრივი შედეგი არ ექნება.

„რუსეთი ვერ შეძლებს ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსული საოკუპაციო ადმინსიტრაციისთვის „დამოუკიდებელ ერთეულებად“ გადაცემას, აგრეთვე დონბასში შეიარაღებულ კონფლიქტის მონაწილეობის დამალვას“, – აღნიშნა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

„საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ამ ქვეყნის სახელმწიფო სათათბიროს რეზოლუციის მხარდაჭერას გაცილებით ფართო დესტრუქციული შედეგები მოჰყვება საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგისა და გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. ამიტომ, რუსეთს აქვს არჩევანი: ან გაჰყვეს დეესკალაციისა და დიპლომატიური დიალოგის გზას, ან მიიღოს გადამწყვეტი და კონსოლიდირებული პასუხი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, – დაამატა ნიკოლენკომ.

„მოვუწოდებთ მოსკოვს, დაიკავოს კონსტრუქციული პოზიცია არსებული მოლაპარაკებების ფორმატებში პროგრესის მისაღწევად. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა „მინსკის შეთანხმებებისა“ და შეიარაღებული კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის განადგურებაზე“, – განაცხადა ნიკოლენკომ.

რუსეთის დუმამ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარების შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა აღნიშნა, რომ დეპუტატების აზრით, „აღიარება შექმნის საფუძველს უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და რესპუბლიკების მაცხოვრებლების გარე საფრთხეებისგან დასაცავად“.

ამასთან, უკრაინის რადა მოუწოდებს მსოფლიოს, არ აღიარონ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. შესაბამისი მიმართვა რადას წევრებმა დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.