უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - მონღოლეთმა ნება დართო ბრალდებულ დამნაშავეს, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის, რითიც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის სამხედრო დანაშაულებზე
უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი - მონღოლეთმა ნება დართო ბრალდებულ დამნაშავეს, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის, რითიც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის სამხედრო დანაშაულებზე

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა მონღოლეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ვლადიმერ პუტინის ქვეყანაში ჩასვლის ნებართვასთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის მიუხედავად.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში აღნიშნა, მონღოლეთის აღნიშნული გადაწყვეტილება „არის მძიმე დარტყმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სისტემისთვის“.

მონღოლეთმა ნება დართო ბრალდებულ დამნაშავეს, თავი აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის, რითიც გაიზიარა პასუხისმგებლობა მის სამხედრო დანაშაულებზე. ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამას ულანბატორისთვის შედეგები მოჰყვეს“, – დასძინა უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალური ვიზიტით მონღოლეთში ჩავიდა. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტი ორ დღეს გაგრძელდება. 3 სექტემბერს დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, მონღოლეთის ლიდერთან, უხნაგიინ ხურელსუხთან.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც 2023 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა, ეს არის რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ქვეყანაში, რომელიც ამ სასამართლოს წევრია. მედიის ცნობით, მონღოლეთის ხელისუფლებამ პუტინი დაარწმუნა, რომ მას არ დააკავებენ.