უკრაინის საგარეო უწყების სპიკერი – იტალიის ვიცე-პრემიერ მატეო სალვინის სამშვიდობო შეთანხმება თუ აწუხებს, ვურჩევთ, მიმართოს არა უკრაინის პრეზიდენტს, არამედ პუტინს, რომელმაც ომი დაიწყო

19:02, 27.01.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ჰეორჰი ტიხი იტალიის ვიცე-პრემირის, მატეო სალვინის განცხადებას პასუხობს.

ტიხის თქმით, სალვინიმ ომის დასასრულებლად არა კიევს, არამედ მოსკოვს უნდა მიმართოს.

„მონტე კასინოს ბრძოლაში, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან ბრძოლაში, 3000-დან 5000-მდე უკრაინელი მონაწილეობდა. მათ არ აირჩიეს „დამარცხებასა და დამარცხებას შორის“, მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვება ზოგჯერ შორს ჩანდა. ისინი სხვა მოკავშირეებთან ერთად იბრძოდნენ, რადგან იტალიისა და მთელი ევროპის თავისუფლება სასწორზე იდო. რაც არ უნდა რთული იყოს უკრაინის ბრძოლა დღეს, ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც 80 წლის წინ. ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვიქნებით იტალიისა და ყველა იტალიელის მხარდაჭერისთვის, რომლებიც, მატეო სალვინისგან განსხვავებით, ხვდებიან, რომ ევროპაში მშვიდობის ბედი უკრაინაში, ბრძოლის ველზე წყდება.

თუ ბატონ ვიცე-პრემიერს სამშვიდობო შეთანხმება აწუხებს, ჩვენ ვურჩევთ, მიმართოს არა უკრაინის პრეზიდენტს – ქვეყანას, რომელიც თავს იცავს აგრესიისგან, არამედ პუტინს, რომელმაც ეს ომი დაიწყო“, – წერს ტიხი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, იტალიის ვიცე-პრემიერმა, მატეო სალვინიმ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოაწეროს.

„მოვუსმინეთ ზელენსკის. ფულის, ძალისხმევისა და დახმარების მიღების შემდეგ მაინც ჰყოფნის გამბედაობა, დაიჩივლოს. ჩემო მეგობარო, შენ ომს აგებ, კაცებს კარგავ, სანდოობასა და ღირსებას კარგავ: ხელი მოაწერე სამშვიდობო შეთანხმებას რაც შეიძლება მალე. უნდა აირჩიო დამარცხებასა და სრულ განადგურებას შორის“, – აღნიშნა სალვინიმ.

მსგავსი