უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას
უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერი - უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას

ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.

ნიკოლენკო გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ იყო ჩართული სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნის სპეცოპერაციაში და ვოლოდიმირ ზელენსკისაც აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა სააკაშვილის მიმართ.

როგორც უკრაინის საგარეო უწყების პრესსპიკერმა აღნიშნა, უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

„საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩასვლა უკრაინის სპეცოპერაცია იყო თბილისის ომში ჩართვის მიზნით. რა სახის ინსინუაციებს არ გაავრცელებს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე პასუხისმგებლობისგან თავის დასაღწევად. უკრაინა არასოდეს ჩარეულა და არც გეგმავს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას.

სამაგიეროდ, ღრმად იმედგაცრუებული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება სპეკულირებს უკრაინაში ომის თემაზე, რათა მიაღწიოს ვიწრო შიდაპოლიტიკურ მიზნებს. ჩვენ განვაახლებთ მოწოდებას მიხეილ სააკაშვილთან უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცისთვის წვდომის უზრუნველსაყოფად. ასევე, მოგიწოდებთ უკრაინის მოქალაქეს გაუწიოთ სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე, დააკმაყოფილოთ სასჯელის გადავადების მოთხოვნა შემდგომი მკურნალობისთვის უკრაინის, დასავლეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ კლინიკაში გადაყვანის მიზნით“, – წერს ოლეგ ნიკოლენკო.