უკრაინის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი სერგეი კისლიცა აცხადებს, რომ უკრაინული საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერიტორიის მშვიდობაზე გაცლას
უკრაინის საგარეო უწყების მაღალჩინოსანი სერგეი კისლიცა აცხადებს, რომ უკრაინული საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტერიტორიის მშვიდობაზე გაცლას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზადაა, უკრაინის ტერიტორიების საკითხი განიხილოს, თუმცა ეს მხოლოდ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზეა შესაძლებელი. ამის შესახებ NBC News-თან ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერგეი კისლიცამ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი ხელმძღვანელობს როგორც უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, ასევე საზოგადოებრივი აზრით.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი ზელენსკი ძალიან მკაფიოდ აცხადებს და ის ხელმძღვანელობს როგორც უკრაინის მოქმედი კანონმდებლობით, ასევე საზოგადოებრივი აზრით, ხოლო საზოგადოება კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენი ტერიტორიის მშვიდობაზე გაცვლას. ეს პოზიცია იყო მკაფიოდ გაცხადებული ვაშინგტონში. თუმცა ტერიტორიულ საკითხებზე როდესაც ვსაუბრობთ, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნათლად განაცხადა, რომ მზადაა, პრეზიდენტ პუტინთან დაჯდეს და განიხილოს. ტერიტორიულ საკითხზე საუბრის დასაწყისი ახლა არსებული შეხების ხაზია“, – განაცხადა უკრაინელმა დიპლომატმა.

სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კისლიცამ განაცხადა, რომ, მისი აზრით, პროცესი არ შეჩერებულა და წინ მიიწევს.

„სამწუხაროდ, არა ისე სწრაფად, როგორც გვსურს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ეს ორშაბათი და თეთრ სახლში შეხვედრა ბოლო თვეების უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მე მჯერა, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი მიღწევა, რომელშიც პრეზიდენტმა ტრამპმა გადამწყვეტი როლი ითამაშა“, – აღნიშნა კისლიცამ.

კისლიცას თქმით, აშშ-სა და ტრამპის ადმინისტრაციას აქვთ რუსეთზე ზეწოლის საკმარისი ბერკეტი, რათა მოლაპარაკებების პროცესი წინ წაიწიოს. უკრაინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ რუსეთი განაგრძობს აშშ-ისა და პრეზიდენტ ტრამპის მანიპულირებას და ეს ამერიკული ადმინისტრაციისთვის უკვე მომაბეზრებელი ხდება. კისლიცას თქმით, აშშ-ის ადმინისტრაცია თანდათან უკეთესად ხვდება, რომ მოსკოვის მხრიდან მანიპულაცია ხდება.

ამასთან, უკრაინელმა დიპლომატმა რუსეთზე ზეწოლის აუცილებლობაზე ისაუბრა.

„რუსებმა უნდა იგრძნონ ტკივილი პრეზიდენტ ტრამპის შეთავაზებულ სამშვიდობო გზაზე სვლაზე უარის თქმის გამო“, – აღნიშნა კისლიცამ.