უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის აგრესიის ფონზე, დავით ზალკალიანმა უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა გამოხატა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა
უკრაინის საგარეო უწყების ცნობით, რუსეთის აგრესიის ფონზე, დავით ზალკალიანმა უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა გამოხატა და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, დმიტრო კულებასა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციის კონტექსტში საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან სატელეფონო საუბარი გამართა. მათივე ცნობით, ქართველმა დიპლომატმა რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე უკრაინისადმი საქართველოს სოლიდარობა გამოხატა და სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დაადასტურა. ზალკალიანმა ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს არ აქვს კიევში მდებარე საქათველოს საელჩოს თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების ევაკუაციის განზრახვა.

თავის მხრივ, დმიტრო კულებამ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ქართველ კოლეგას სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს და რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე იმ ზომებთან დაკავშირებით, რომლებსაც უკრაინა და მისი საერთაშორისო პარტნიორები ახორციელებენ რუსეთის მორიგი აგრესიის შესაკავებლად.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დმიტრო კულებამ და დავით ზალკალიანმა შეათანხმეს საერთო პოზიცია, რომ უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით რუსეთის წინაშე დათმობები დაუშვებელია. მინისტრებმა ასევე კოორდინაცია გაუწიეს ნატო-სთან და ევროკავშირთან ორი ქვეყნის ურთიერთობებში მომდევნო ნაბიჯებს. მინისტრებმა ყურადღება დაუთმეს ასოცირებული ტრიოსა და სუამ-ის ეკონომიკური პროექტების განვითარებას ვაჭრობისა და ინვესტიციების მოცულობების გასაზრდელად, ასევე რეგიონში ექსპორტიორებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.

უწყების ინფორმაციით, დმიტრო კულებამ საუბრისას დააყენა უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვის საკითხი. მინისტრმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუშვას მასთან უკრაინელი ექიმი სამედიცინო შემოწმებისთვის.

საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებამაც.