უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთში მცხოვრები უკრაინელების ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა საქართველოში შეეძლება
უკრაინის საგარეო უწყება - რუსეთში მცხოვრები უკრაინელების ნაწილს არჩევნებში მონაწილეობა საქართველოში შეეძლება

რუსეთში მცხოვრებ უკრაინელებს არჩევნებში მონაწილეობა საქართველოში, ფინეთსა და ყაზახეთში შეეძლებათ. ეს განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთეს.

„უკრაინელებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთში, ხმის მიცემა საქართველოში მდებარე უკრაინის საელჩოში შეეძლებათ – ეს დაახლოებით 8 000 ადამიანია, რომლებიც როსტოვში მდებარე საკონსულოს ჰყავს აღრიცხული. ფინეთში ხმას 19 000 უკრაინელი მისცემს. ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებიც რუსეთში უკრაინის საელჩოსა და სანქტ-პეტერბურგში მდებარე საკონსულოში არიან დარეგისტრირებული, ხოლო ყახაზეთში ხმის მიცემის საშუალება იმ 3 000 უკრაინელს ექნება, რომლებიც ეკატერინბურგსა და ნოვოსიბირსკში არიან აღრიცხვაზე“, – განაცხადეს უკრაინის საგარეო უწყებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის საგარეო უწყებამ რუსეთში მდებარე დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არჩევნების ჩატარებაზე უარი თქვა. მათივე გადაწყვეტილებით, ის საარჩევნო უბნები, რომლებიც რუსეთში მდებარე უკრაინის საელჩოსა და საკონსულოებში მოქმედებდა, კიევის გადაწყვეტილებით, საქართველოში, ფინეთსა და ყაზახეთის ტერიტორიაზე მდებარე უკრაინის საელჩოებში გაიხსნება.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.