უკრაინა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისს მოუწოდებს, რუსი სამხედროების მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებით დაუყოვნებლივ დაინტერესდეს
უკრაინა ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისს მოუწოდებს, რუსი სამხედროების მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებით დაუყოვნებლივ დაინტერესდეს

ოკუპირებულ ელენოვკაში კოლონიის დაბომბვის შემდეგ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისს მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაქციოს ყურადღება რუსი სამხედროების სისასტიკეებზე სამხედრო დანაშაულების და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების კონტექსტში.

უწყების ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ განზრახ მკვლელობა, წამება ან არაადამიანური მოპყრობა, ტანჯვის, სხეულის სერიოზული დაზიანების ან ჯანმთელობის დაზიანების განზრახ მიყენება არის ჟენევის კონვენციის დარღვევა და წარმოადგენს სამხედრო დანაშაულს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის და რომის წესდების დებულებების თანახმად.

სამინისტროს განცხადებით, საერთაშორისო სამართლის ყველა დარღვევა სათანადოდ უნდა დაფიქსირდეს და აღირიცხოს, რის შემდეგაც ისინი გახდება გამოძიების და შემსრულებლების დევნის საფუძველი.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, უკრაინელი სამხედრო ტყვეების მიმართ რუსი ჯარისკაცების მხრიდან სასტიკი მოპყრობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დაემთხვა რუსეთის მიერ კიდევ ერთი სამხედრო დანაშაულის ჩადენას – ელენოვკაში გამოსწორებითი დაწესებულებისთვის ცეცხლის გახსნას, სადაც, როგორც მიიჩნევა, დაკავებული იყვნენ უკრაინელი სამხედრო ტყვეები.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს, დაგმოს რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის აგრესიული დარღვევა და დაუყოვნებლივ აღიაროს რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ.

შეგახსენებთ, დღეს დონეცკის ოლქის სეპარატისტულმა რეჟიმმა და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოლენოვკაში მდებარე იმ კოლონიაზე იერიშის შესახებ განაცხადეს, სადაც უკრაინელი ტყვები იმყოფებოდნენ. რუსული მხარის ცნობით, დაღუპულია 53 ადამიანი. უკრაინის გენშტაბი აცხადებს, რომ რუსეთმა დონეცკის ოლქში, ელენოვკაში კოლონიას საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა, რათა ტყვეების წამება, მკვლელობის კვალი დაემალა და ამაში უკრაინის შეიარაღებული ძალები დაედანაშაულებინა. გენშტაბი უკრაინის ძალების მხრიდან ელენოვკას რაიონზე სარაკეტო და საარტილერიო იერიშებს უარყოფს.

დატოვე კომენტარი