უკრაინის საგარეო უწყება – არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ წარსულზე კამათმა შეარყიოს წინააღმდეგობა საერთო მტრის წინაშე, ისტორია ადასტურებს, რომ უკრაინელებისა და პოლონელების კამათიდან მხოლოდ მოსკოვი იგებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა პოლონელი მაღალჩინოსნების რეაქციას უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფისთვის „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელის მინიჭების შესახებ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა, რომ რეაქციები სამწუხაროა, რადგან ის ეწინააღმდეგება ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ორი ქვეყნის ურთიერთობაში შექმნილ დადებით ტენდენციას.
მისი თქმით, მხარეებმა ამ პერიოდში დიდი ძალისხმევა ჩადეს „ისტორიული წარსულის რთული საკითხების მოგვარებაში, დიალოგისა და ურთიერთგაგების დამყარებაში“.
„ჩვენი ისტორია ადასტურებს, რომ უკრაინელებსა და პოლონელებს შორის კამათიდან მხოლოდ მოსკოვი იგებს“, – განაცხადა ტიხიმ.
როგორც ტიხიმ განმარტა, ქვედანაყოფის მეომრებს „ნამდვილად არ ჰქონდათ მიზნად მეგობარი პოლონელი ხალხის შეურაცხყოფა“.
მისი თქმით, მათთვის „უკრაინის მეამბოხეთა არმიის“ ბრძოლა „განასახიერებს მხოლოდ მოსკოვის იმპერიული პოლიტიკისადმი წინააღმდეგობას და არავითარ შემთხვევაში პოლონელების წინააღმდეგ არ არის მიმართული“.
„არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ წარსულზე კამათმა შეარყიოს ჩვენი წინააღმდეგობა საერთო მტრის წინაშე, როდესაც უკრაინა, პოლონეთის მხარდაჭერით, რუსულ აგრესიას აკავებს“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის არმიის ერთ-ერთ დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ უწოდა. ზელენსკის თქმით, „ეს გააკეთა ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღსადგენად“.
როგორც პოლონური მედია წერს, „უკრაინის მეამბოხეების არმიამ“ 1943 წლის ივლისში კოორდინირებული თავდასხმა განახორციელა პოლონელებით დასახლებულ დაახლოებით 150 ქალაქზე, რომლებიც მდებარეობდა ყოფილი ვოლინის სავოევოდოს, კერძოდ კი, ვოლოდიმირის, ჰოროხოვის, კოველისა და ლუცკის ოლქებში, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე.
პოლონური მედია აღნიშნავს, რომ პოლონეთსა და უკრაინას წლების განმავლობაში განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ ნაციონალისტების და მეამბოხეების საქმიანობის შეფასებაზე. პოლონეთისთვის ვოლინის მოვლენები გენოციდს წარმოადგენდა, უკრაინელებისთვის კი – სიმეტრიული შეიარაღებული კონფლიქტის შედეგს, რომელშიც ორივე მხარე თანაბრად იყო პასუხისმგებელი. გარდა ამისა, უკრაინელები „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციას“ და „უკრაინის მეამბოხეთა არმიას“ ზოგადად ანტისაბჭოთა ორგანიზაციებად აღიქვამენ და არა ანტიპოლონურად.
პოლონეთის პრეზიდენტის, კაროლ ნავროცკის განცხადებით, ზელენსკის გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ უკრაინა ევროპული ოჯახის წევრობისთვის მზად არ არის. ამასთან, პოლონური მედიის ცნობით, ნავროცკის სურს, ზელენსკის პოლონეთს უმაღლესი ჯილდო, თეთრი არწივის ორდენი ჩამოართვას, რომელიც მას 2023 წელს პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ მიანიჭა. განცხადება გააკეთა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმაც, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება, უკრაინის არმიის ერთ-ერთ სამხედრო დანაყოფს „უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირები“ ეწოდოს, პოლონეთის ისტორიულ გრძნობებს ლახავს და ისტორიული უთანხმოების საკითხს გაამწვავებს.