უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ ითხოვა, ბელარუსი არ შეეყვანათ ევროკავშირის სანქციების პაკეტში
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ ითხოვა, ბელარუსი არ შეეყვანათ ევროკავშირის სანქციების პაკეტში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უწყების პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო წერს.
„შეგახსენებთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მხარდაჭერისთვის ბელარუსს დაუწესდა მთელი რიგი პერსონალური (ლუკაშენკოს რეჟიმი, სამხედრო მეთაურობა, პროპაგანდისტები, ბელარუსის სამხედრო სამრეწველო კომპლექსის 25 სახელმწიფო ორგანო და კომპანია, მათ შორის თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი, ასევე რვა ბელარუსული კომპანია) და სექტორული სანქციები (ცენტრალური ბანკი და ოთხი სხვა ბელარუსული ბანკი, ორმაგი დანიშნულების საქონლის, მომსახურების, დეპოზიტების, ევროს, სასუქის მიწოდების აკრძალვა, ასევე სატვირთო ოპერატორების საქმიანობის აკრძალვა). ასევე, ჩვენთვის ცნობილია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მომდევნო სინქრონიზაციის განხილვის შესახებ. ამავე დროს, ჩვენი ინფორმაციით, ევროკავშირის შიგნით კონსენსუსი ჯერ არ არის. უკრაინა და პარტნიორები ახლა აქტიურად მუშაობენ ევროკავშირის მეათე სასანქციო პაკეტის მაქსიმალურად შინაარსობრივ შევსებაზე“, – წერს ნიკოლენკო.
როგორც მანამდე რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტმა, რიკარდ იოზვიაკმა სოციალურ ქსელში დაწერა, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ არ დაუწესდა ბელარუსს რუსეთის მსგავსად სანქციები ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტის დამტკიცებისას, არის ის, რომ უკრაინამ ითხოვა, მინსკი ამ პაკეტში არ შეეყვანათ.