უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ელჩის დაბარების მიზეზი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ანექსირებული ყირიმის უკანონოდ არჩეულ წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა.

„პრეზიდენტ ერდოღანის უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ არჩეულ პოლიტიკოსებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეშფოთებას იწვევს. უკრაინამ უკვე გაუგზავნა საპროტესტო ნოტა თურქეთს. თურქეთის ელჩი უკრაინაში მიწვეულია საგარეო საქმეთა სამინისტროში“, – განაცხადეს უკრაინის საგარეო უწყებაში.

11 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტი თურქეთის, ირანის, პაკისტანის, ავღანეთის, ჩინეთისა და რუსეთის პარლამენტის წევრებს შეხვდა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში ყირიმში უკანონოდ არჩეული დეპუტატები ნატალია პოკლონსკაია და რუსლან ბალბეკი შედიოდნენ.