უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში კიევიდან საელჩოების ევაკუაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ

14:10, 03.10.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ „გარდიანის“ ინფორმაცია კიევიდან საელჩოების ევაკუაციის შესახებ უარყო.

მისი თქმით, უცხოელ პარტნიორებს უკრაინისთვის კიევიდან დიპლომატიური მისიების გადატანის განზრახვის შესახებ არ უცნობებიათ.

„არ ვიცი, საიდან მიიღო ზოგიერთმა უცხოურმა მედიასაშუალებამ ეს ინფორმაცია. ამ ეტაპზე, ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროში არ მიგვიღია ასეთი მოთხოვნები ან შეტყობინებები უცხოური დიპლომატიური მისიებისგან გადატანის გეგმების შესახებ“, – განუცხადა ტიხიმ LIGA.net-ს.

ცნობისთვის, „გარდიანის“ სტატიის მიხედვით,  დიპლომატები განიხილავენ კიევიდან საელჩოების გადატანის საკითხს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიზანმიმართულად დაიწყებს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმებს.

,,დასავლელი დიპლომატები, მიუხედავად მათი საჯარო განცხადებებისა, რომ არ აპირებენ კიევის დატოვებას, პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ განიხილება გეგმები, საგანგებო გარემოებების შემთხვევაში, საელჩოების ლვოვსა და პოლონეთის აღმოსავლეთში გადასატანად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მიზანმიმართულად დაიწყებს დიპლომატიურ  წარმომადგენლობებზე თავდასხმებს,” – დაწერა გამოცემამ დასავლელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

მსგავსი