უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინამ და აშშ-მა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერი მემორანდუმი გააფორმეს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინამ და აშშ-მა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერი მემორანდუმი გააფორმეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდასაჭერად. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მათი ცნობით, მთავრობათშორისი ურთიერთგაგების მემორანდუმი ითვალისწინებს 825 მილიონ დოლარამდე დახმარების შესაძლებლობას.

როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი „ქმნის ნორმატიულ-სამართლებრივ ბაზას უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის გასაუმჯობესებლად“.

საუბარია კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე, განაწილებული გენერაციის დანერგვაზე, ენერგეტიკული სექტორის რეფორმირებასა და ომის შემდგომ დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობაზე.

ცნობისთვის, ოქტომბრის დასაწყისში აშშ-მა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების დაცვისთვის საჭირო მასალების პარტია გადასცა.