უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონში ე.ე. ბორდერიზციის პროცესის განახლებას გმობს. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებს, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ტახტისძირთან ახლოს, ხელოვნური ბარიერების დამონტაჟების პროცესის განახლებას.
ასეთი პროვოკაციული ქმედება უზრუნველყოფს რუსეთის შორსმიმავალი გეგმების რეალიზაციას, რეგიონული დაძაბულობის ესკალაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველი მოსახლეობისთვის გადაადგილების, სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო და წყლის რესურსებთან წვდომის შეზღუდვა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და ქმნის ახალ საფრთხეებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის ფონზე.
ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებული ვართ რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციის პროცესის გაგრძელების გამო. ამის მაგალითს წარმოადგენს რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური შეიარაღებული ძალების რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაყვანა და ამის მიზეზად „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის დასახელება.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს არალეგალური ქმედებები, ცხინვალის რეგიონში ხელოვნური ბარიერების დამონტაჟება, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მეთვალყურეების და უფლებადამცველი ორგანიზაციების წვდომა დაუბრკოლებლად იყოს უზრუნველყოფილი. მოვუწოდებთ, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების აღებული ვალდებულებები“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში.