უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - პუტინის განკარგულებას არ ვაღიარებთ
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო - პუტინის განკარგულებას არ ვაღიარებთ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცემულ განკარგულებას გამოეხმაურა, რომელითაც უკრაინელების ნაწილისთვის რუსეთის პასპორტების მიღება გამარტივდება.

კიევში აცხადებენ, რომ პუტინის განკარგულებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და მას უკრაინა არ აღიარებს.

„კიევი მოითხოვს დაუყოვნებლივ გაუქმდეს ყველა უკანონო ქმედება, რომელიც უკრაინის მოქალაქეების პასპორტიზაციისკენაა მიმართული და აღმოიფხვარს ქმედებების შედეგები“, – აცხადებენ უკრაინის საგარეო უწყებაში.

მანამდე უკრაინის მოქალაქეების ნაწილისთვის რუსეთის პასპორტის მიღების წესის გამარტივების შესახებ ინფორმაცია რუსეთის სამთავრობო ვებგვერდზე გაჩნდა. კერძოდ, გამარტივებული წესით რუსეთის პასპორტს ის უკრაინელები მიიღებენ, რომელთაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვთ, დაიბადნენ ყირიმსა ან სევასტოპოლში, მაგრამ 2014 წლის მარტში დატოვეს საცხოვრებელი ადგილი.