უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე 
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს წერილს უგზავნის და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 27-ე და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

პავლო კლიმკინის თქმით, ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირებისა და პარალელების გათვალისწინებით, ეს თარიღები როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხისთვის განსაკუთრებულ დატვირთვის მატარებელია.

„სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნები კვლავ განაგრძობენ აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა არ შეწყდება უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე“, – ნათქვამია წერილში.

წერილში დადასტურებულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა და უკრაინის მზადყოფნა კიდევ უფრო გააღრმავოს საქართველოსთან პარტნიორული ურთიერთობები ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში.