უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ლოკალიზებულია, – მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტელეგრამ-არხზეა აღნიშნული.
„05:55 საათზე ქალაქ ენერგოდარში, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში (ზომა 60X40) ლოკალიზებულია ხანძარი 2 000 კვადრატულ მეტრის ფართობზე. წინასწარი ცნობით, დაშავებულები და მსხვერპლი არ არის“, – ნათქვამია განცხადებაში.
მანამდე, ცნობილი გახდა, რომ რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს პირველ ენერგობლოკს. მაშველებს არ შეეძლოთ ცეცხლის ლიკვიდაციის დაწყება.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდართან დაკავშირებით სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა და რუსეთი ბირთვულ ტერორიზმში დაადანაშაულა.