უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი - რუსეთის მიერ სანქციების გაუქმების შესახებ ინფორმაციაზე ვაგრძელებთ კონსულტაციებს, მადლობელი ვართ განმარტებებისთვის, რომელიც ლევან დავითაშვილმა გააკეთა
საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასანოვმა საქართველოს და ქართველ ხალხს უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გამო კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ამას უკრაინა აფასებს.
როგორც ანდრეი კასანოვმა განაცახდა, აღფრთოვანებულია უკრაინელების მიმართ მხარდაჭერის ხარისხით.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ პოლონეთი წარმოადგენს ჰუმანიტარული დახმარების ჰაბს მთელი უკრაინელი მოსახლეობისთვის. ძალიან მადლობელი ვართ პოლონეთის სოლიდარობის, მხარდაჭერისთვის, ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ. ამ საკითხში ასევე გვერდით გვიდგას საქართველო. 6 მარტს, კვირას უკრაინაში გაიგზავნა მორიგი თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარებით – 40 ტონა სამედიცინო აღჭურვილობა, სურსათი, მედიკამენტები, ტანსაცმელი, ჰიგიენის საგნები და ყველაფერი, რასაც ასე საჭიროებს უკრაინის მოსახლეობა. ეს არის დროული და მნიშვნელოვანი დახმარება. საქართველოში უკრაინის საელჩო გამოთქვამს მადლიერებას პირველ რიგში, საქართველოში ყველა უკრაინელის მიმართ, ასევე საქართველოს მოქალაქეების, საქმიანი წრეების წარმომადგენლების, საქართველოს მთავრობის და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ ასეთ რთულ დროს უკრაინის მხარდაჭერისთვის.
მინდა, მივმართო ყველას საქართველოს მოქალაქეს, ქართველებო, თქვენ არაჩვეულებრივები ხართ. აღფრთოვანებული ვარ უკრაინელების მხარდაჭერის დონით – უსაზღვრო ჰუმანიტარული დახმარება; მიტინგები უკრაინის მხარდასაჭერად; სახსრების შეგროვება; საქართველოს ტერიტორიაზე თქვენთან, თქვენს ოჯახებში უკრაინელი მოქალაქეების დაბინავებასთან დაკავშირებული წინადადებები; ყვავილები საელჩოსთან; ყველა ქუჩა, ხიდები გაჩერებები უკრაინის დროშის ფერებშია. ჩვენ, უკრაინელები ვგრძნობთ, რომ თქვენ ყოველთვის ჩვენ გვერდით ხართ. მზად ხართ, უკრაინელებთან ერთად, გვერდიგვერდ იბრძოლოთ თქვენი დამოუკიდებლობის, დემოკრატიისთვის და თქვენი თავისუფალი არჩევნისთვის“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.
მან ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება ქართულ-უკრაინული ურთიერთობების ცალკეულ ასპექტებს, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ როგორც თქვენთვის ცნობილია, მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. ამ ინფორმაციაზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება საკუთარ განცხადებაში. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ერთად. მადლობელი ვართ იმ განმარტებებისთვის, რომელიც გასცა ლევან დავითაშვილმა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნებისმიერი სტიმულაციისგან. ხაზს ვუსვამ, რუსულ კომპანიებთან ბიზნესის ან წარმოების დაუშვებლობას, რაც რუსეთს დამატებით რესურსებს აძლევს უკრაინის წინააღდეგ სისხლისმღვრელი ომის გასაგრძელებლად. მიღებული მოგება კი მოკლული უკრაინელი მოქალაქეების სისხლით არის გაჟღენთილი. იმ ინფორმაციას, რომელიც ეხება საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სანქციების გაუქმებას, მინდა, დავამატო, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, გავრცელებულიყო საქართველოს რეაქცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. დიდება უკრაინას, საქართველოს. გაუმარჯოს უკრაინას, გაუმარჯოს საქართველოს“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.