უკრაინის საელჩო – ყოვლისმომცველ ზომებს ვიღებთ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მივიღოთ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და დაკავების გარემოებების გასარკვევად
საელჩოს თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია უკრაინის ორი მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ.
„საქართველოში უკრაინის საელჩო ახორციელებს „ქართული სამართალდამცავი ორგანოების მიერ ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენის“ უკანონო ტრანსპორტირებაში ეჭვმიტანილი უკრაინის ორი მოქალაქის დაკავების“ შესახებ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მუდმივ მონიტორინგს. ამჟამად საელჩოს ქართული მხრიდან არ მიუღია ოფიციალური ინფორმაცია მათ წინააღმდეგ ამ ბრალდებებით სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ. საელჩოს საკონსულო თანამშრომლები ყოვლისმომცველ ზომებს იღებენ, რათა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისგან მიიღონ ნებართვა ზემოაღნიშნულ უკრაინელ მოქალაქეებთან შესახვედრად და მათი დაკავების ყველა გარემოების გასარკვევად“, – ნათქვამია საქართველოში უკრაინის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.
როგორც 11 სექტემბერს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, მიმდინარე წლის 10 სექტემბერს უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავმა MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანამ უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით, რუმინეთისა და ბულგარეთის გავლით, თურქეთიდან გადმოკვეთა სახელმწიფო საზღვარი და საბაჟო-გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით ქვეყანაში შემოვიდა. მისი შეჩერების და გადამოწმების შედეგად ავტომანქანაში ნაპოვნია წინასწარ საგულდაგულოდ შენიღბულ სამალავებში მოთავსებული 2.4 კილოგრამის ოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება „ჰექსოგენი“.
სუს-ის ინფორმაციით, ოპერატიული მასალების მიხედვით, უკრაინიდან შემოტანილი ასაფეთქებელი ნივთიერების დანიშნულების ბოლო ადგილად იკვეთება თბილისი, ავლაბრის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი.