უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს პასუხობს
უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი შალვა პაპუაშვილს პასუხობს

უკრაინის რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პასუხობს.

სტეპანჩუკი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მისი მიწვევა ბუჩასა და ირპინში „შეუფერებლად“ შეაფასა.

სტეფანჩუკის თქმით, პაპუაშვილი შეუძლებლად მიიჩნევს უკრაინაში წასვლას, ვიდრე „უკრაინის ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები სრულად არ გააცნობიერებენ იმ ძლიერ მხარდაჭერას“, რომელსაც საქართველო უკრაინის მიმართ იჩენს, მხარდაჭერის მაგალითად კი საერთაშორისო არენაზე უკრაინისთვის ხმის მიცემა არის დასახელებული.

უკრაინის რადას თავმჯდომარის განცხადებით, კიევი აფასებს ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელსაც სხვა ქვეყნებისგან იღებს. მისივე თქმით, უკრაინა აფასებს და ყოველთვის აფასებდა მოძმე ქართველი ხალხისგან მიღებულ გულწრფელ მხარდაჭერას.

„ჩვენ ვიცით, რომ ქართველები ყოველთვის გულწრფელები, მამაცები და თავდადებული მეომრები არიან. ბევრი მათგანი დღეს უკრაინის დამცველების გვერდით დგას და იცავს უკრაინას რუსეთის შემოჭრისგან, ისევე, როგორც ბევრი უკრაინელი იდგა ქართველების გვერდით 2008 წელს იმავე რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც ხელყო თქვენი დამოუკიდებლობა, თქვენი ტერიტორიის ნაწილი გადაყლაპა და ხალხი დახოცა. რუსეთთან თქვენი დაპირისპირების პირველივე დღეებიდან უკრაინა მხარს უჭერდა საქართველოს: როგორც პოლიტიკურ, ასევე საინფორმაციო, საერთაშორისო და სამხედრო დონეზე. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემების („ბუკ“, „ოსა“) წყალობით, თქვენ იცავდით თქვენს ცას. მაგრამ ჩვენ არ ვზომავთ მხარდაჭერის ზომებს. მხარდაჭერა ყოველთვის გულწრფელი უნდა იყოს. და ყველა, ვინც ასეთ დახმარებას უწევს, მოქმედებს ისე, როგორც მას საშუალებას აძლევს გარემოებები, სინდისი და ვალის შეგრძნება. ერთადერთი, რაც მიუღებელი უსიამოვნების განცდას მიჩენს, არის კითხვა: არის თუ არა მიზანშეწონილი, „უღირსი“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება, მწუხარების გაზიარებას, მხარდაჭერის გამოხატვას? ვფიქრობ, მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე. ჩემი აზრით, ამაზე ლაპარაკობდა დიდი შოთა რუსთაველი: „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“, – წერს უკრაინის რადას თავმჯდომარე.