უკრაინა, საქართველო და მოლდოვა სამმხრივი პარლამენტთაშორისი ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ
უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი ანდრეი პარუბი აცხადებს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარეები სამი ქვეყნის პარლამენტთაშორისი ასამბლეის შექმნაზე შეთანხმდნენ.
როგორც სააგენტო „ინტერფაქს უკრაინა“ წერს, ამის შესახებ პარუბიმ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„შავი ზღვის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის გათვალისწინებით, მე გამოვედი ინიციატივით, შეიქმნას უკრაინა-მოლდოვა-საქართველოს სამმხრივი პარლამენტთაშორისი ასამბლეა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს სამ ქვეყანას აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები“, – განაცხადა ანდრეი პარუბიმ.
მისი თქმით, აღნიშნულ ინიციატივას მოლდოვისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეებმა მხარი დაუჭირეს. ახლა საკითხი სამი ქვეყნის პარლამენტების კომიტეტებმა უნდა განიხილონ, რის შემდეგაც კანონმდებლებმა უნდა დაამტკიცონ.
„ვიმედოვნებ, ეს გაზაფხულზე მოხდება და ზაფხულის დასაწყისში ჩვენ უკვე შევძლებთ კიევში პარლამენტების წარმომადგენლების მასშტაბური რეგიონული კონფერენციის გამართავს“, – აღნიშნა უმაღლესი რადას სპიკერმა.