უკრაინის რადას დეპუტატი აცხადებს, რომ საუდის არაბეთში უკრაინული დელეგაცია აშშ-ის წარმომადგენლებთან შეათანხმებს იმ ობიექტების ჩამონათვალს, რომლებიც არ შეიძლება, რუსეთის სამიზნე გახდეს
უკრაინული დელეგაცია აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდება საუდის არაბეთში, სადაც გააგრძელებენ იმ ობიექტების ჩამონათვალის შეთანხმებას, რომლებიც არ შეიძლება, გახდეს რუსეთის თავდასხმის სამიზნე, – ამის შესახებ უკრაინის რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის წევრმა, ფედორ ვენისლავსკიმ Radio N-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ასეთი ჩამონათვალი უკვე მომზადებულია და ჩვენი დელეგაცია მას ერ რიადში მიიტანს. ალბათ იქნება კიდევ რაღაც შეთანხმებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენი მტრის პოზიციაზე“, – აღნიშნა ვენისლავსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დროის გაწელვას ცდილობს.
„მას მიაჩნია, რომ ეს გაჭიანურება რუსეთისთვის სასარგებლო იქნება. ეს პუტინის ტაქტიკაა, ამიტომ არ გამოვრიცხავდი, რომ, მართლაც, ეს ყველაფერი გადაიზარდოს რაღაც ხანგრძლივ პროცესში. მეორე მხრივ, ტრამპი აცხადებდა ცეცხლის სწრაფი შეწყვეტის აუცილებლობის შესახებ. ამიტომ ვფიქრობ, რუსეთი თუ კვლავ გამოიყენებს ამას, როგორც თავისი ქცევის ალგორითმს, ტრამპს შეუძლია, გამოიყენოს მტკივნეული მეთოდები რუსეთზე ზემოქმედებისათვის“, – განაცხადა ვენისლავსკიმ.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საუდის არაბეთში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრები გაიმართება.