უკრაინის პროკურატურა - სააკაშვილის გაძევების მიუხედავად, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გრძელდება 
უკრაინის პროკურატურა - სააკაშვილის გაძევების მიუხედავად, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გრძელდება 

მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან გაძევების მიუხედავად, მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინულ მედიას უკრაინის გენერალური პროკურორის პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განუცხადა.

უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გენერალური პროკურატურისთვის მოულოდნელი იყო მიხეილ სააკაშვილის პოლონეთში გაძევების ოპერაცია, რომელიც უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ჩაატარა, რადგან მესაზღვრეებს ამის შესახებ უკრაინის გენერალური პროკურატურისთვის არ შეუტყობინებიათ.

სარგანის თქმით, უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიება დახურული არ არის და გაგრძელდება.

ამასთან, უკრაინის პროკურატურაში ვერ უპასუხეს შეკითხვას, როგორ უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები იმის გათვალისწინებით, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში აღარ იმყოფება.

ლარისა სარგანის თქმით, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.