უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ომის აქტიური ფაზა შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს
ომის აქტიური ფაზა შესაძლოა, წლის ბოლომდე დასრულდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ომის აქტიური ფაზის წელს დასრულება, ბუდანოვმა განაცხადა, რომ „არსებობს შანსი“, მაგრამ, მისი თქმით, მანამდე შემდგომი ესკალაციაა მოსალოდნელი.
„შანსი არსებობს და გაზაფხულზე მოლაპარაკებები ძალიან კარგი ტემპით მიმდინარეობდა. ახლა ესკალაციის ფაზაში შევედით, ეს ყველას ესმის. დეესკალაცია, როგორც წესი, მაქსიმალურ ესკალაციას მოითხოვს. ანუ ესკალაცია ახლა, დეესკალაცია და შემდეგ დიალოგის გაგრძელება, თუ მხარეები დაინტერესებულნი არიან“, – განაცხადა კირილ ბუდანოვმა.
ბუდანოვმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლებლობის ეს ფანჯარა, სხვა საკითხებთან ერთად, ნოემბერში აშშ-ში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის.
მისივე განცხადებით, ომის დასრულების საკითხი ყოვლისმომცველად გადაწყდება – ბრძოლის ველზე და სამთავრობო ოფისებში, თუმცა, მხოლოდ უკრაინის, შეერთებული შტატებისა და ევროპის კოორდინირებული ძალისხმევით შეიძლება პუტინის დარწმუნება ომის დასრულებაში.
„ჩინეთი – კი, მაგრამ ჩინეთს ამით საკუთარი, ვთქვათ, სარგებელი აქვს. სწორედ ამიტომ გამოხატავს ჩინეთი თავის ოფიციალურ პოზიციას. კარგია, რომ ის არის ის, რაც არის, რადგან ყველაფერი შეიძლებოდა, სრულიად სხვაგვარად ყოფილიყო. გაცილებით უარესი იქნებოდა, თუ ჩინეთი ღიად პრორუსულ პოზიციას დაიკავებდა. ეს ჩვენთვის პრობლემა იქნებოდა, სერიოზულიც, ყველა შემდგომი შედეგით“, – განაცხადა ბუდანოვმა.
ამავდროულად, როგორც კირილ ბუდანოვმა აღნიშნა, ტერიტორიული კომპრომისები „პრინციპში, შეუძლებელია“.